კომპანია „თელასი" აგრძელებს ტრადიციას და უკვე მეექვსედ უწევს თანადგომას საქართველოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მუსიკალურ ფესტივალს „აღდგომიდან ამაღლებამდე."
სს „თელასი" ფესტივალის საპატიო სპონსორია, რომელიც ქართული კულტურის აღორძინებას და ახალგაზრდა შემსრულებლების შემოქმედის პოლულარიზაციას ემსახურება.
„ჩვენი კომპანიისთვის ძალზე მნიშვნელოვანია კულტურული პროექტების დაფინანსება, რომლებიც ქვეყნის კულტურული ტრადიციების აღორძინებას და შენარჩუნებას უწყობს ხელს. მინდა გამოვხატო მადლიერება ფესტივალის ორგანიზატორებისადმი და დავარწმუნო ისინი, რომ „თელასი" ყოველთვის მხარში დაუდგება მსგავსი პროექტების განხორციელებაში "-განაცხადა კომპანია „თელასის" გენერალურმა დირექტორმა აშოტ მანუკიანმა.
მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" რომელიც წელს 18 აპრილიდან 24 მაისამდე გაგრძელდება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის აღსაყდრების 35 წლისთავს ეძღვნება.
საიუბილეო ფესტივალის პროგრამა წარმოდგენილია ძირითადად კლასიკური მუსიკით. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული შემსრულებლები.
წელს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია აშშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.
ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, 18-22 აპრილს კონცერტები გაიმართება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
თბილისის შემდეგ კონცერტები გაგრძელდება სტეფანწმინდაში, (24 აპრილი) მარტვილში, (8 მაისი) ქუთაისში, (22 მაისს) ხოლო დასკვნითი საღამო, ტრადიციულად, ამაღლების დღესასწაულზე გაიმართება ბათუმში. (24 მაისი)
კლასიკური მუსიკის ფესტივალი კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა აკაკი რამიშვილის ფონდ "ტრადიცია და ინოვაციასთან" ერთად 2006 წელს დაარსა და მას შემდეგ ის ყოველწლიურად ტარდება.