მახათას მთაზე ტაძრის საძირკვლის კურთხევის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი , ფონდ "ივერიისას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის ოფიციალური ცერემონია ტაძრის საძირკვლისთვის ამოთხრილ ქვაბულში გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე მახათას მთაზე მიაბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც სიონშია დაბრძანებული. ტაძრის საძირკვლის გასათხრელად ნიჩბით მიწა პირველად კათოლიკოს-პატრიარქმა ამოიღო. მანამდე კი უწმინდესმა პარაკლისი გადაიხადა.
ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე საზოგადოებას ფონდ "ივერიისას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ მიმართა. მან აღნიშნა, რომ ტაძრის მშენებლობას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, რადგან მას ყველა ერთად აშენებს - მდიდარი და ღარიბი, ცოცხალი და გარდაცვლილი. მან მადლობა გადაუხადა პატრიარქს ქართველების ასე გაერთიანებისათვის და განაცხადა, რომ უწმინდესის სიყვარულით მრავლდება ერი და სულ უფრო მეტად სულიერი ხდება. პაატა ბურჭულაძემ უწმინდესს ჯანმრთელობა უსურვა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, ქართველ ხალხს მრავალი ტაძარი აუშენებია, თუმცა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი იმით განსხვავდება, რომ მის მშენებლობაში მთელი ერია ჩართული.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პაატა ბურჭულაძეს და ყველას ვინც მიიღებს მონაწილეობას ტაძრის მშენებლობაში. "არსებობდა ტრადიცია - საძირკველში ყრიდნენ ოქროს ფულს. პრეზიდენტი და პატრიარქი ოქროს ფულს ერთად ჩაყრის. ყველას მივულოცავ ამ საქმის დაწყებას, რომელიც ერის მოსაქცევად და საცხოვნებლად კეთდება", - ბრძანა უწმინდესმა.