ავსტრალია ავღანეთიდან თავის ჯარებს დაგეგმილზე ადრე გამოიყვანს. ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯულია ჰილარდმა კანბერაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, რომელიც მაისში დაგეგმილ ნატოს ჩიკაგოს სამიტს ეძღვნებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ჯულია ჰილარდმა ასევე განაცხადა, რომ ავსტრალიური კონტიგენტი, რომლის რაოდენობა 1550 ჯარისკაცია, ავღანეთის დატოვებას მიმდინარე წელს დაიწყებს და მისი თითქმის ყველა სამხედრო სამშობლოში 2013 წლის ბოლოსათვის დაბრუნდება.
ავღანეთში მიმდინარე ომის განმავლობაში 2001 წლიდან დაღუპულია 32 ავსტრალიელი.
ავღანეთში მყოფი საერთაშორისო ძალების ძირითადი ნაწილი ქვეყნიდან 2014 წლის ბოლომდე უნდა იყოს გაყვანილი. ამჟამად ნატოს ხელმძღვანელობის ქვეშ ავღანეთში სამხედრო კონტიგენტი 130 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლის 50 ქვეყნიდან.
ავსტრალიის ხელისუფლების მეთაურმა ჯულია ჰილარდმა განაცხადა, რომ ავსტრალიის სამხედრო კონტიგენტის ვადამდელი გამოყვანა ავღანეთიდან დეტალურად 21 მაისს ჩიკაგოში დაგეგმილ სამიტზე განიხილება. აქამდე ცნობილი იყო, რომ ავსტრალიელები ავღანეთს 2014 წლისათვის დატოვებენ.