"ლავროვის ეს განცხადება ძალიან მაგონებს საბჭოთა კავშირს, როდესაც საბჭოთა მოქალაქეებს არ უშვებდნენ კაპიტალისტურ ქვეყნებში, ვითომ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოტივით და სინამდვილეში კი იმიტომ, რომ ადამიანებს ელემენტარულად არ ენახათ რას ნიშნავს თავისუფალი ქვეყანა",_ აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც ლავროვი მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს თავი შეიაკვონ საქართველოში მოგზაურობისგან.
"საქართველო ნამდვილად საშიშია მხლოდ იმ რუსებისათვის, რომლებსაც აქ აქვთ რისკი დაავადდნენ თავისუფლების ვირუსით", _ აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მისივე თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების არჩევანი, ეს არის რუსული საოკუპაციო პოლიტიკის შედეგი, როდესაც 2008 წელს განხორციელებული აგრესიის შემდეგ საქართველო იძულებული გახდა მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები განეხორციელებინა. ბაქრაძე ასევე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ეს პრობლემა მოიხსნება საქართველო ამ კანონს გააუქმებს.
"რაც შეეხება ოკუპაციის შესახებ კანონს. ამ კანონს ნამდვილად დიდი სიამოვნებით გავაუქმებთ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს - გაიყვანს საკუთარ შეიარაღებულ ძალებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. ამით დასრულდება ოკუპაცია და ამის შემდეგ დასრულდება ოკუპაციის კანონის მოქმედბაც. ეს კანონი არ ყოფილა ჩვენი არჩევანი და ამ კანონის აუცილებლობა და მისი მიღების აუცილებლობა შექმნა 2008 წლის აგრესიამ რუსეთის მხრიდან", _ აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.