რუსეთი დნესტრისპირეთში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას გეგმავს. ინფორმაციას მოლდოვის კონფლიქტიურ რეგიონში მოსკოვის გეგმების შესახებ რუსული მედია კრემლში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ სარაკეტო იერიშის გამაფრთხილებელი სისტემის ახალი სადგური უშუალოდ ტირასპოლში აიგება. ხვალ კი ვენაში დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე რუსეთის წარმომადგენელი ნატოში დიმიტრი როგოზინი აცხადებს, რომ მოსკოვი დნესტრისპირეთში დისლოცირებული მშვიდობისმყოფებელების გადაიარაღებას გეგმავს და რეგიონში მცხოვრებ ხალხს რუსული პასპორტებით უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეობას ითხოვს. ამ საკითხის მოსაგვარებლად კი ტირასპოლში საკონსულოც უნდა გაიხსნას.