საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაკურიანში, სვანეთისა და ანაკლიის კურორტების დაგეგმარების პრეზენტაციაზე, მთავრობას 4 დავალება მისცა. მისი თქმით, წლის ბოლომდე მესტიაში უნდა დასრულდეს საბაგირო გზის მშენებლობა და წელსვე უნდა დაიწყოს მეორე საბაგირო გზით მშენებლობა.
" მთავრობას ვაძლევ 4 დავალებას _ ესაა საბაგირო, საციგურაო მოედანი, სათხილამურო ტრასა, და სასტუმროები მესტიაში. ეს დავალებები წლის ბოლომდე უნდა იყოს რეალიზებული", _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მოუწოდა სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესდნენ სასტუმროს მშენებლობით მესტიაში.
ბაკურიანში სვანეთის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტისა და ანაკლიის, როგორც საზღვაო კურორტის, დაგეგმარების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, ტურიზმის სფეროს, ბიზნესსექტორის, დონორი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.