მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლელა ნაცვალაძე სოციალური დახმარების სფეროში არსებულ დარღვევებზე საუბრობს და ხელისუფლებისგან მათ დაუყოვნებლივ გამოსწორებას მოითხოვს.
მისი თქმით, ოზურგეთის რაიონში აქციის "კარდაკარ" მიმდინარეობისას, მოძრაობის აქტივისტებმა სოციალური უსამართლობის არაერთი ფაქტი გამოავლინეს.
ლელა ნაცვალაძის განცხადებით, ინვალიდ, მრავალშვილიან და მატერიალურად გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ გააჩნიათ, ადგილობრივი ხელისუფლება სოციალურ დახმარებას უხსნის.
"არის შემთხვევები, როდესაც სოციალურად გაჭირვებული ოჯახის წევრი გარდაიცვალა, მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა იგივე დარჩა, მაგრამ ხელმეორედ შემოწმებისას, სოციალურმა აგენტებმა სარეიტინგო ქულები მოუმატეს და შესაბამისას, ამ ოჯახს დახმარება მოეხსნა", _ აღნიშნა პრესკონფერენციაზე მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ნაცვალაძის თქმით, სწორედ ასე დაემართა აფხაზეთის ომში დაღუპული სტეფანე კრუნკიანის ოჯახს.
მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოციალური აგენტები დახმარების დანიშვნისთვის ფულს იღებენ, მაგრამ ამის დადასტურება ვერ ხერხდება, ვინაიდან მოქალაქეები ასეთი ფაქტების დადასტურებისგან თავს იკავებენ.
ნაცვალაძის თქმით, იანვრის ბოლოს, როდესაც ოზურგეთის რაიონში აქცია "კარდაკარ" დასრულდება, სოციალურ სფეროში შექმნილი სრული სურათი ექნება და მას ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნობს.