ექსპერტი ნიკა ჩიტაძე უკრაინის მიერ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაშიც გამორიცხავს.
"უკრაინის მიერ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარება მეეჭვეა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ქვეყნის სათავეში ვიქტონ იანუკოვიჩი მოვა, თუმცა, რუსეთისთვის თავის მოსაწონებლად, შესაძლებელია, უკრაინის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესჯგუფები საქართველოს კონფლიქტურ ზონებში ჩავიდნენ და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ დაიწყოს საუბარი", - განუცხადა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
გარდა ამისა, ექსპერტი იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში კიდევ ერთ საფრთეს უკრაინულ ბაზარზე ქართული პროდუქციის არსებობაში ხედავს და ვარაუდობს, რომ ქართული ნაწარმი ან მთლიანად აიკრძალება, ან საბაჟო ტარიფები გაიზრდება.
"შესაძლოა, უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ქართული პროდუქციისთვის ბაზარი არ ჩაკეტოს, მაგრამ საბაჟო ტარიფები აწიოს, მით უმეტეს, რომ, მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქართული ნაწარმისთვის ბაზარი ჩაკეტა, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი უკრაინაში 70 %-ით გაიზარდა", - განმარტა ექსპერტმა.
ჩიტაძის აზრით, უკრაინის სათავეში ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლას უარყოფითი შედეგები საგარეო და ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც მოჰყვება.
"ალბათ, სუამის არსებობაში უკრაინის როლი ნომინალური გახდება, რაც, თავისთავად უარყოფით ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს, რაც შეეხება ენერგოუსაფრთხოებას, მოსალოდნელია, რომ უკრაინა აქცენტს პრორუსული ხასიათის პროექტებზე გააკეთებს და ისეთი სახის პროექტები, რომლებიც რუსეთისთვის არ არის ხელსაყრელი, დაბლოკოს", - განუმარტა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" და ივარაუდა, რომ ოდესა-ბროდის ნავთობსადენის რეკონსტურქციის საკითხი ეჭვქვეშ დადგება.