კომპანია „თეგეტა მოტორსი" და მისი თანამშრომლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთიანი ქველმოქმედების მონაწილენი გახდნენ და თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს, სადაც 113 ხანდაზმული ცხოვრობს, 2600 ლარის ოდენობის ფულადი თანხა გადაურიცხეს.
კომპანია „თეგეტა მოტორსის" საქმიანობაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სოციალურ პასუხისმგებლობას, სპონსორობასა და ქველმოქმედებას. აღსანიშნავია, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მილოცვისა და საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობის სურვილი ამჯერად „თეგეტა მოტორსის" თანამშრომლებმა გამოთქვეს. მათ მხარი დაუჭირეს 12 აპრილს, 22.00 საათზე, "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" ორგანიზებით, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში გამართულ გრანდიოზულ ტელე-მარათონს სახელწოდებით "ნუ დატოვებ მარტო". ტელე-მარათონში მონაწილეობას იღებდნენ სააგენტოს ზრუნვის ქვეშ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები და ქართული ესტრადის, თეატრისა და კინოს ვარსკვლავები.
„თეგეტა მოტორსის" თანამშრომლების მიერ გაღებული თანხა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები მოხუცების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. პანსიონატში ხანდაზმულები ცხოვრობენ ერთი სულისკვეთებით, ერთი რწმენითა და იმედებით გარემოსილნი.
ძველი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განამშვენებდნენ ღვთივსათნო საქმეებით, მოწყალებითა და ქველმოქმედებით. უბრალო ქრისტიანები ამ დღეებში შეეწეოდნენ ღატაკებსა და უპოვართ. აღდგომის დღეს ნაკურთხ საჭმელს ღარიბებს ურიგებდნენ და ამით მათ ბრწყინვალე დღესასწაულის მონაწილეთ ხდიდნენ...