რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს და მიზეზად საქართველოში მათთვის უსაფრთხოების გარანტიების არქონას ასახელებს. აღნიშნულ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ადრე ჩვენ ვიუწყებოდით, რომ საქართველოში ა.წ. 17 თებერვალს რუსეთის მოქალაქე კ.გ. როდიონოვი დააკავეს. თბილისში კერძო საქმეზე ჩასული იგი ციხეში აღმოჩნდა აფხაზეთის მონახულების გამო. როდესაც ამ ინციდენტმა ფართო რეზონანი მიიღო, საქართველოს ხელისუფლება ჯერ ამ ფაქტს უარყოფდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ როდიონოვის გათავისუფლება აჯობებდა ე.წ. საპროცესო შეთანხმებით", _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "საბოლოო ჯამში როდიონოვს "სტუმართმოყვარე საქართველოში" ჩასვლა 40-დღიან ციხედ და 1200-დოლარიან ჯარიმად დაუჯდა".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ეს ცალკეული შემთხვევა არ არის.
"როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 27 თებერვალს ფოთის პორტში თბომავალ "ვოლგო-ბალტ248"-ის მეორე თანაშემწე, რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი კრუჩინინი დააპატიმრეს. მას ბრალად სოხუმში უკანონო ჩასვლა წაუყენეს და ციხეს მხოლოდ იმიტომ გადარჩა რომ 3000 სოლარი გადაიხადა", _ წერს რუსეთის საგარეო უწყება და აღნიშნავს, რომ ისევე, როგორც წინა შემთხვევაში ქართულ მხარეს მიღებული საერთაშორისო ნორმების დარღვევით შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ინტერესების სექციისთვის ამ ფაქტს შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მიუწოდებია.
სერგეი ლავროვის უწყება ასევე იუწყება, რომ ფოთში ა.წ. 30 მარტს ფოთში დააკავეს რუსეთის მოქალაქე ბელა ვეკუა. იგი ეჭვმიტანილი იყო ასევე აფხაზეთის მონახულებაში. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. "ამჟამად რუსეთის მოქალაქე იზოლატორშია, ქ. ზუგდიდში. რუსეთის ინტერესების სექცია მისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობს", _ ნათქვამია განცხადებაში.
"ასე რომ, საქართველოს სპეცსამსახურები აგრძელებენ სისტემატურად გამოჭერას და რესპესირებას ქვეყანაში ჩასული რუსეთის მოქალაქეებისა. ამას კი ჩუმად, ზედმეტი ხმაურის გარეშე აკეთებენ. სამაგიეროდ, მედიაში ფართოდ შუქდება პროპაგანდუსტული შოუ "ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის მსგავსი, სადაც ის, გავრცელებული ინფორმაციით, ესალმებოდა რუსეთის მოქალაქეებს, სიტყვებით "ჩამოდით ხშირად".
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავაც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხოება დაცული არ არის და ამიტომაც ამ ქვეყანაში გამგზავრენისგან თავის შეკავებას ურჩევს", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.