ომბუდსმენ გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის პრობლემა მოგვარებულია, თუმცა ადგილი აქვს ფსიქოტროპული პრეპარატების უკონტროლო ბრუნვას.
ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ანგარიშით გამოსვლის შემდეგ უმრავლესობის წევრის, კობა ხაბაზის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, ხდება თუ არა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა საპატიმროებში.
სახალხო დამცველის განცხადებით ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის პრობლემა ზოგ დაწესებულებაში 100 პროცენტითაც კი არის მოგვარებული. თუმცა, სხვადასხვა დაწესებულებაში, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, ფსიქოტროპული პრეპარატების დარიგებას აქვს ადგილი.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მან არაერთხელ მიიღო განცხადება პატიმრებისგან, სადაც ისინი მიუთითებდნენ, რომ დაწესებულების ადმინისტრაციამ მათ აღნიშნული პრეპარატების მიწოდება შეუზღუდა, რითაც სერიოზული პრობლემები შეექმნათ.
ომბუდსმენმა დეპუტატებს აღნიშნულ საკითხზე დაფიქრებისკენ მოუწოდა.