იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა იცვლება. აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება.
„იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმებში,, ცვლილებები სამინისტროს სახელწოდების შეცვლიდან გამომდინარეობს.
კერძოდ, ,,იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის მოწმობის,, ნაცვლად, მოწმობას ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის მოწმობა,, დაერქმევა.
დევნილის მოწმობის ახალ ფორმაში, ძველისაგან განსხვავებით, მოწმობის სახელწოდება ინგლისურ ენაზეც იქნება მოცემული.
ტერმინის - ოკუპაციის გამო შეცვლილ სახელწოდებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის ყველა მუხლში შედის.