ლაზიკას მშენებლობა ქვეყანას ეკოლოგიურ პრობლემებს არ შეუქმნის. ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გააკეთა. მისი თქმით, თუკი ყველაფერი სწორად გაკეთდება მაშინ ეკოლოგიური პრობლემები არ იქნება.
"თუ ყველაფერი იქნება სწორად და კარგად გათვლილი და დაგეგმილი, ეკოლოგიური პრობლემები არ შეიქმნება გარდა იმისა, რომ გარკვეულ ტერიტორიებზე მოხდება ლანდშაფტის ცვლილება და განხორციელდება ურბანული განაშენიანება, რამაც შეიძლება კლიმატის ცვლილება მოიტანოს. მე არ ვიცი მიზეზი, რომ ამ მშენებლობამ რაიმე ცვლილება მოიტანოს", _ განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, საწყის ეტაპზე, მოხდება ჭაობის ამოშრობა, დეტალურად შეისწავლება ნიადაგი და ამის შემდეგ დაიწყება ამ ტერიტორიაზე ლაზიკას მშენებლობა. გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ ნიადაგის დეტალურად შესწავლისას კარგად გამოიკვეთება ამა თუ იმ ტერიტორიაზე რა სიღრმის საძირკველი უნდა ჩაიყაროს.
გარემოს დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ურბანული განვითარება ყოველთვის გარკვეულ ცვლილებებს განაპირობებს, მაგრამ ეს არ იქნება მავნე ცვლილებები, რადგანაც იქ სადაც თუნდაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ხეები იდგა და სახლების მშენებლობისათვის ამ ხეების მოჭრა გახდა საჭირო.