"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის შემუშავებული კანონპროექტი სტუდენტებს გააცნო.
„უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" მომზადებული ცვლილებების გასაცნობად, მან პარლამენტში დღეს 100-მდე სტუდენტი მიიწვია.
კანონპროექტით, სტუდენტებს, რომელთაც 2011-2012 წლებში სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა, სწავლის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა აუნაზღაუროს. ბაღათურიას განმარტებით, ეს უნდა იყოს ერთჯერადი აქტი და სტუდენტების სწავლის საფასური პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან უნდა დაიფაროს.
„საქართველოში განათლების რეფორმა სრული კრახით დამთავრდა. 10 ათას სტუდენტს სპეკულაციურად გაზრდილი ფასების გამო შეუჩერდა სტატუსი. დღეს სტატუსშეჩერებული სტუდენტები შექმნიან საორგანიზაციო ჯგუფს, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად იმუშავებს", - აღნიშნა დეპუტატმა.
საკანონმდებლო ინიციატივას, ბაღათურია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს.