მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების შესახებ, "ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას ალტერნატიულ წინადადებას, გუშინდელ კენჭისყრაზე საპარლამენტო უმრავლესობის სამმა წევრმა დაუჭირა მხარი.
კერძოდ, ოპოზიციონერი დეპუტატის ინიციატივას მხარი ლაშა თორდიამ, ენზელ მკოიანმა და გოგი ლიპარტელიანმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ "ქართული დასის" ალტერნატიული წინადადებები ჩააგდო. კენჭისყრისას ტაბლოზე ბაღათურიას წინადადებასთან დაკავშირებით, ათი დადებითი ხმა დაფიქსირდა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა კენჭისყრის შედეგები გადაამოწმა და აღნიშნა, რომ მხარდამჭერთაგან ზოგი დარბაზში არ იმყოფებოდა. ბაღათურიას განცხადებით კი, გოგორიშვილს უმრავლესობის იმ წევრთა სია აინტერესებდა, რომელთაც მას დაუჭირეს მხარი.
ოპოზოციონერი დეპუტატის ალტერნატიული წინადადებები საპენსიო პაკეტს უკავშირდებოდა, რომელიც პარლამენტში გუშინ მეორე მოსმენით განიხილეს.