„ქრისტაინ-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ყაზბეგის რაიონის, დაბა სტეფანწინმდაში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მთავარ პრობლემად გაზმომარაგება გამოიკვეთა.
როგორც "ჯი-ეიჩენს" პარტიდან აცნობეს, ადგილობრივებს ზაფხულის პერიოდში, კერძოდ 15 მაისიდან 15 ნოემბრამდე ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ. „ქრისტიან-დემოკრატები"ყაზბეგის გაზმომარაგებას მთელი წლის განმავლობაში ითხოვენ. მოძრაობის ლიდერების განცხადებით ხელისუფლებას აქვს მოსახლეობის გაზით უზრუნველყოფის რესურსი, როგორც ზამთრის ასევე ზაფხულის პერიოდშიც.
„ყაზბეგის გაზმომარაგების მთელი წლის განმავლობაში გასაგრძელებლად ტექნიკური საშუალებაც არსებობს და მოსახლეობაც მზად არის შესაბამისი საფასური გადაიხადოს. მონოლოგის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას გასაუბრებოდა და მოესმინა ყაზბეგში არსებული პრობლემების შესახებ" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
გუშინ „ქრისტიან-დემოკრატებმა" ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზეც დააყენეს. თარგამაძემ ამ საკითხის გადასაწყვეტად დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს ჩართვა მოითხოვა, იმისათვის რომ პარლამენტმა საბოლოოდ გადაჭრას ყაზბეგის გაზით უწყვეტად მომარაგების პრობლემა.