ხელისუფლება მარჩენალდაკარგულებზე დახმარებების გასაცემად ასაკობრივი ზღვრის გაზრდას არ აპირებს.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძემ განმარტა, 21 წლამდე ზღვარი შეიძლება იმ შემთხვევაში გაიზარდოს, თუ მოზარდს ამ დრომდე სკოლა არ აქვს დამთავრებული. სკოლის დამთავრების შემდეგ კი, მისი თქმით, მთავრობა მარჩენალდაკარგული მოზარდებისთვის 55-ლარიანი დახმარების გაცემას არ გეგმავს.
ლომიძის განცხადებით, "პენსიების შესახებ" საკანონდმებლო ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტიდან 161 მილიონი ლარის გამოყოფა ხდება საჭირო, რაც უკვე გათვალისწინებულია. იმ შემთხვევაში კი, თუ მარჩენალდარგული ბავშვებისთვის დახმარების გასაცემად ასაკობრივი ზღვარი გაიზრდება, დამატებითი სახსრების მოძიება იქნება საჭირო.
მარჩენალდაკარგულებზე დახმარებების გასაცემად, ასაკობრივი ზღვარის 18-იდან 21 წლამდე გაზრდას "ქრისტიან-დემოკრატები" მოითხოვდნენ.