81 წლის ასაკში თანამედროვე ქართული თეატრალური რეჟისურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო
არტისტი შალვა გაწერელია გარდაიცვალა.
გაწერელია 1931 წლის 19 იანვარს ახალციხეშიდაიბადა. 57 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ და ჭიათურის თეატრებში. 1973-75 წლებში მუსაობდა საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის ტელესტუდიაში, სადაც წარმატებული იყო მისი დადგმები: დ. კლდიაშვილის "ბაკულას ღორები",
"ირინეს ბედნიერება", მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები".
1976-1996 წლებში გაწერელია მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი რეჟისორი იყო, სადაც განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმა - თეატრი მკვეთრი მსოფლმხედველობის მქონე თანამედროვე ახალგაზრდულ თეატრად გარდაქმნა. გაწერელიას სახელს უკავშირდება მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის შემოქმედებითი მიღწევების სახელოვანი პერიოდი, მისი მეამბოხე სპექტაკლების
ხანგრძლივი ეპოპეა. დადგმული აქვს 80-მდე სპექტაკლი. მოზარდ მაყურებელთა ქართულ
თეატრში განხორციელებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ა. ჰაკეტისა და კ. გუდრიჩის
"ანა ფრანკის დღიური", ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი", დ. კლდიაშვილის
"ქამუშაძის გაჭირვება" და "ირინეს ბედნიერება", ბ. ბრეხტის "სიმონა მაშრის სიზმრები", ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს" და "კუკარაჩა", ბ. ლავრენევის "რღვევა", მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები", ი. სამსონაძის "ბედნიერი ბილეთი", "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე".
1960 წლიდან შალვა გაწერელია პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა საქართველოს შოთა
რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წლიდან
ხელმძღვანელობდა მაგისტრანტთა ჯგუფს საშემსრულებლო ხელოვნებასა და დრამის
რეჟისურაში. გაწერელიას სახელოსნოში დადგმული წარმოდგენებიდან აღსანიშნავია:
ა. ოსტროვსკის "უმზითვო", ჰ. იბსენის "ჰედა გაბლერი", "სიზიფე და სიკვდილი", მ. გორკის
"ფსკერზე" და "ვასა ჟელეზნოვა", ჰ.კ.ანდერსენის "თოვლის დედოფალი", კლდიაშვილის
"დარისპანის გასაჭირი", ა. ჩეხოვის "თოლია" და "ალუბლის ბაღი", შ. დადიანის
"გუშინდელნი", ი. სამსონაძის "იქ, სადაც ღვარად მოედინება", ლ. ბუღაძის "სულიერი
არსებები" და "პატარა პიესები".
მიღებული აქვს არაერთი პრემია. 1997 წ. 6 ნოემბერს გაწერელია დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2009 წ. მიენიჭა ემერიტუსის წოდება.