,,ქრისტიან-დემოკრატების" წევრი მაგდა ანიკაშვილი საპენსიო პაკეტში 60-65 წლამდე მამაკაცებისთვის, სახელმწიფო დაზღვევის შენარჩუნებას ითხოვს.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საპენსიო პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგ, 60-65 წლამდე მამაკაცები, სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევის და ამბულატორიული მომსახურების გარეშე რჩებიან.
ანიკაშვილსთვის მიუღებელია სახელმწიფოს მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის გათვალისწინებული იქნება რეფერალური პროგრამა.
,,ყველასათვის ცნობიალია, როგორ მუშაობს რეფერალური პროგრამა, რომ ეს არის დაუსრულებელი პროცესი, რადგან განაცხადების განხილვა ხდება მთავრობის სხდომაზე და მას ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვიზიტების გამო, ხშირად არც იმყოფება ქვეყანაში. შესაბამისად, შეუძლებელია დახმარება დროულად გაეწიოს ადამიანს", - განაცხადა ანიკაშვილმა.
იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, საპენსიო პაკეტში გათვალისწინებული იყოს მამაკაცების დაზღვევა 60 წლიდან. ასევე, დარჩეს არსებული პროგრამები კარდიო და ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით.
საპენსიო პაკეტის განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იგეგმება.