„სახალხო კრებისა" და „დემოკრატიული მოძრაობის" წევრებს 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებდნენ. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის" პრესამსახური იტყობინება, პარლამენტის შენობის წინ მისულ „სახალხო კრებისა" და „დემოკრატიული მოძრაობის" წევრებს პოლიციამ, რომელსაც ზურგს ზონდერ-ბრიგადები უმაგრებდნენ, ტროტუარზე გზა გადაუკეტა და 40 წუთის მანძილზე მემორიალამდე არ უშვებდა.
"პოლიციის მიერ გზის გადაკეტვა ჩვენი საგანგებო აღნიშვნისა და მსჯელობის საგანი არ გახდებოდა, რომ არა ზონდერ-ბრიგადების მობილიზაცია და მათი ერთ-ერთი ხელმძღვანელის გია დგებუაძის- მეტსახელად „მასტერას" მიერ გახმოვანებული პირდაპირი მუქარა ჩვენი მისამართით: „თქვენთვის საკმარისი არ იყო რაც 26 მაისს გაგიკეთეთ, შემდგომში უარესად გადაგივლით", - ნათქვამია პარტიის პრესამსახურის მიერ გავრცეებულ განცხადებაში.
"საინტერესოა რისთვის მოახდინა დღეს ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ ზონდერ-ბრიგადების მობილიზაცია? რას დააბრალებს ამჯერად „სახალხო კრებას" და „დემოკრატიულ მოძრაობას", რომ მემორიალთან დასაწყობ ტიტებში მოლოტოვის კოქტეილები გვქქონდა ჩამონტაჟებული თუ ტროტილიანი სანთლების დანთებას ვაპირებდით? აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მორალისა და ღირებულებების მატარებელია დღევანდელი ხელისუფლება და რა მეთოდებს იყენებს ის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, როდესაც პრაქტიკულად პანაშვიდზე მისულ ადამიანებს ძალადობით უპირისპირდება და ვნების კვირაში ღიად ემუქრება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.