დღეს, 9 აპრილს, 13:00 საათზე, გორში, სტალინის მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა საზოგადოებას წარუდგენს სტალინის მუზეუმის სტალინიზმის მუზეუმად გარდაქმნის ინიციატივას.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა შთამომავლების და საბჭოთა ტოტალიტარიზმის მკვლევართა მხარდაჭერით, სტალინის სახელობის მუზეუმი გარდაიქმნება სტალინიზმის მუზეუმად, რომელიც მნახველს სტალინიზმის პერიოდის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ სრულფასოვნად და მიუკერძოებლად მოუთხრობს.
მუზეუმი გორში იოსებ სტალინის სახელის უკვდავსაყოფად ლავრენტი ბერიას ინიციატივით 1937 წელს გაიხსნა.
ცვალებადი ექსპოზიციების მიუხედავად, არასდროს იცვლებოდა მუზეუმის მიზანი - ისტორიაში ყველაზე სისხლიანი რეჟიმის დანაშაულის გამართლება.
პროექტის განხორციელების სხვადასხვა ასპექტებს შეიმუშავებს და ზედამხედველობას გაუწევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ტოტალიტარიზმის ცნობილი მკვლევარები და აღიარებული მეცნიერები. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების მოზიდვა მოხდება როგორც ქართული ასევე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუციებიდან.