გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ჯონ ბასის განცხადებას, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ავტორიტეტულია მისთვის იმ ელჩის განცხადება, რომელსაც უფლებამოსილების განხორციელების მხოლოდ ერთი თვე აქვს დარჩენილი. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისთვის,, თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ, საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, მის ადვოკატებს სწორი გზა აქვთ არჩეული.
,,ბასის განცხადება ამ შემთხვევაში ეყრდნობა საქართველოს ორგანულ კანონს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ,, რომლითაც განსაზღვრულია პირობები პირის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. აქ არ არის მოქალაქეობის აღდგენის თემა, არამედ მინიჭების თემაა, რაც ძალიან სწორად არის არჩეული მისი ადვოკატების მხრიდან. პრეზიდენტის ბრძანებულებიდან გამომდნარე, არსებობს სრული საფუძეველი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს მიენიჭოს მოქალაქეობა, და არ მოხდეს ხელისუფლების თემის წამოწევა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. იგი დაბადებულია და ცხოვრობს საქართველოში, შეტანილი აქვს განაცხადი საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების შესახებ, რაც გაფორმებულია დოკუმენტალურად. ხელისუფლება რამდენად გაითვალისწინებს ბასის განცხადებას, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ავტორიტეტულია მისთვის იმ ელჩის განცხადება, რომელსაც ქვეეყანაში უფლებამოსილების განხორციელების მხოლოდ ერთი თვე აქვს დარჩენილი,", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და წარმართოს სწრაფად.