აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით, სწორად და სწრაფად წარმართოს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი . ეს განცხადება ჯონ ბასმა ჟურნალისტებს საუბარში სასტუმრო "რადისონში" გააკეთა, სადაც ტუბერკულოზის მკურნალობისა და პრევენციის ახალ პროგრამის პრეზენტაციას ესწრება.
"შეერთებული შტატების მთავრობა მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის დაკარგვა ან მოქალაქეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები არის ისეთი რამ, რომელიც უნდა იყოს განსაზღვრული კანონის წინაშე თანასწორობის გათვალისწინებით. ამ სულისკვეთებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, წარმართოს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და წარმართოს სწრაფად", - აცხადებს ბასი.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს ცნობილი გახდა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა. რეესტრის დასკვნის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს. ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდა. მოგვიანებით სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ეკატერინა ხვედელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოითხოვა.