"იმდენად უსუსური იყო გუშინდელი გადაწყვეტილება, რომ ეჭვი ვისაც გააჩნდა რომ მოქალაქეობის ჩამორთმევას ჰქონდა რაიმე შეუსაბამობა კანონთან ეს ეჭვი საბოლოოდ გაიფანტა", - ასე ეხმიანება ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო რეესტრის განცხადებას და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო რეესტრის დასკვნაში იმდენად უაზრო და უსუსური ფაქტებია მოყვანილი მის შეფასებად არ ღირს
მისივე თქმით, სამოქალაქო რეესტრის მიერ დასკვნის გამოქვეყნება 4 აპრილს დაემთხვა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სწორედ ამ დღეს შესრულდა 6 თვე იმ დღიდან, რაც მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა. შესაბამისად, ივანიშვილი 4 აპრილს სამოქალაქო რეესტრის დასკვნის გამოქვეყნებას საეტაპოდ მიიჩნევს.
"პოლიტიკაში მოსვლის მიზეზები მე თავიდანვე დავასახელე. ეს იყო ის, რომ სააკაშვილმა მოახერხა ხელისუფლების მონოპოლიზება და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. სამოქალაქო რეესტრის დასკვნაში იმდენად უაზრო და უსუსური ფაქტებია მოყვანილი - ჩემს შეფასებად არ ღირს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, თავის დროზე მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონო და უსაფუძვლო გადაწყვეტილება იყო და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შიშს ეფუძნებოდა.
"მიხეილ სააკაშვილმა როდესაც მოქალაქეობა ჩამომართვა იყო აბსოლუტურად უკანონო და ამას არანაირი საბაბი არ გააჩნდა. პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ერთი ადამიანის შიშზე დაფუძნებული და ეს გადაწყვეტილება გუშინდელმა დასკვნამაც დაასაბუთა", - განაცხადა ბიძია ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა. რეესტრის დასკვნის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს. ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდა. მოგვიანებით სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ეკატერინა ხვედელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოითხოვა.