საქართველოს პარლამენტი, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ისტორიული ძეგლების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქვის, ბედიისა და სხვა ქართულ ტაძრებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების გამო, რომელთა შედეგად ზიანი ადგება შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
,,მსგავსმა "რესტავრაციამ" უკვე გამოიწვია თვალსაჩინო ისტორიული ძეგლის, ილორის წმ. გიორგის მონასტრის დაზიანება და მასზე ქართული კვალის წაშლა. უდავოა, რომ ამ ვანდალიზმის მიზანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის სრული განადგურებაა.
საქართველოს პარლამენტი ადასტურებს ქართული მხარის მზადყოფნას საერთაშორისო ზედამხედველობით შესაძლო რესტავრაციის განხორციელებაში საკუთარი სპეციალისტების ჩართვისათვის და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას:
1. კატეგორიულად მოსთხოვოს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს და აფხაზეთის მარიონეტულ მმართველობას, შეწყდეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოები.
2. მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას, ისტორიული ძეგლების მდგომარეობის შესასწავლად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაშვებულ იქნენ იუნესკოს და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები,, - აღნიშნულია განცხადებაში.