"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა განცხადებას ავრცელებს.
"მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის ოთხმოცი წევრი სადეპუტატო ასაკის 25-იდან 21 წლამდე დაწევის ინიციატივით გამოდის. ინიციატორები ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ახალგაზრდების წახალისებად და მხარდაჭერად წარმოადგენენ. "დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება ხელისუფლების მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის პოპულისტურ დანიშნულებაზე. ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც საქართველოა, ქვეყანაში სადაც 21 წლის ახალგაზრდას დღევანდელი სტანდარტებით პრაქტიკულად სწავლა დასრულებული არა აქვს, დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს ამ ასაკის ახალგაზრდები იღებდნენ, მით უმეტეს იმ ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდები, სადაც არ არსებობს ობიექტური ინფორმაციის წყარო და მთელი თაობა "ნაციონალური მაუწყებლობების" მიერ შექმნილ ვირტუალურ რეალობაში აღიზარდა. ქვეყანაში სადაც ხელისუფლება ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტს, სადაც 300 000 პრობაციონერია და მათ შორის 70% სწორედ ახალგაზრდაა, სადაც განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება უკანონოდ აქვს ჩამორთმეული სტუდენტების უდიდეს ნაწილს, არავინ დაიჯერებს, რომ ამის შემოქმედი ხელისუფლება ამ ნაბიჯით ახალგაზრდობის მხარდაჭერას და წახალისებას ცდილობს", - ნათქვამია განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების უფრო აქტიურად ჩართვას სტუდენტურ თვითმმართველობებში, რომლებიც დღეს რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" ფილიალებს წარმოადგენენ და რომლებიც სტუდენტთა ურთიერთ დაპირისპირებისა და დაშინების იარაღად აქცია რეჟიმმა. ხელისუფლების მიზანია, რომ თვითმმართველობებში დაპროგრამებული, ადვილადმართვადი ახალგაზრდები გაიყვანოს პარლამენტში სასურველი გადაწყვეტილებების უფრო მარტივად მისაღებად და საკუთარი რეჟიმის უვადოდ გასამყარებლად.
"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა დაუშვებლად მიიჩნევს აღნიშნული ინიციატივის დამტკიცებას და მოუწოდებს ყველა ახალგაზრდულ ორგანიზაციას საკუთარი პროტესტი გამოხატოს ხელისუფლების მორიგ მზაკვრულ გეგმასთან დაკავშირებით.