მოსკოვის სიმონოვსკის სასამართლომ ბიზნესმენებს ბორის ბერეზოვსკის და იული დუბოვს სამარის ოლქის მთავრობის მიერ შეტანილი სარჩელის გამო თითქმის ერთი მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრა. საქმის მოსმენა მოპასუხეებისა და მათი წარმომადგენლების გარეშე გაიმართა.
"სასამართლომ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა სარჩელი და ბერეზოვსკისა და დუბოვისათვის მათ მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა და სხვისი სახსრების გამოყენების გამო მათთვს 997 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრებინა", _ განაცხადა მოსამართლე ვალენტინ კულეშოვმა.
ლონდონში მყოფი ბორის ბერეზოვსკის რეაქცია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით უცნობია.
2012 წლის იანვრის ბოლოს სამარის ოლქის მთავრობამ სასამართლოს სარჩელით მიმართა და "ლოგოვაზისა" და "ავტოვაზის" საქმეზე დაუსწრებლად გასამართლებული პირებისგან ბერეზოვსკისა და დუბოვისაგან 917 მილიონი რუბლის ოდენობით ქონებრივი ზარალის ანაღაურება მოითხოვა. სარჩელში ასევე იყო მოთხოვნა პროცენტების ამოღებაზე, რომლებიც სხვისი ფულადი სახსრების მათ მიერ გამოყენებას ეხებოდა და 80 მილიონ რუბლს შეადგენდა.
უფრო ადრე 2009 წლის ივნისში კრასნოგორსკი საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სამარის ოლქის სარჩელი, რომელივ ასევე აღძრული იყო ბერეზოვსკისა და დუბოვის წინააღმდეგ "ლოგოვაზისა" და "ავტოვაზის" ფულადი სახსრების დატაცების თაობაზე. სასამართლომ მათ მაშინ 58 მილიონი რუბლის გადახდა დააკისრა. ამასთან ერთად სასამართლომ დაუსწრებლად - ბერეზოვსკის 13 ხოლო დუბოვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.