სირიის ხელისუფლება 10 აპრილისთვის სამხედრო ტექნიკის გაყვანას დაიწყებს, თუმცა თავად ჯარი ქალაქებში დარჩება. ეს ინფორმაცია სირიის გაზეთ "ალ-ვატანს" დღეს ოფიციალურმა წყარომ მიაწოდა. მათი ინფორმაციის სწორედ ამგვარი შეთანხმება იქნა მიღწეული გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს კოფი ანანსა და სირიის პრეზიდენტს შორის.
"საუბარი არ მიდის ამ თარიღისთვის ყველა შეიარაღებული ძალის გაყვანაზე იმ დასახლებული პუნქტებიდან და ქალაქებიდან, რომლებშიც ისინი ამჟამად იმყოფებიან", _ წერს გაზეთი.
მათი ინფორმაციით, ოფიციალური წყარო აცხადებს, რომ სირიის ხელისუფლება არ აპირებს გაიმეოროს შეცდომა, რომელიც მოუვიდათ სამი თვის წინ, არაბული დამკვირვებლების მისიის მუშაობისას. "მაშინ ჯარის ნაწილების გამოყვანით ისარგებლეს ბოევიკებმა და ხელში ჩაიგდეს ის კვარტლები და ქალაქები, საიდანაც არმია გავიდა. იქ მათ შექმნეს თავიანთი პუნქტები და ბაზები და ასევე დაიწყეს მძევლად აყვანა იმ ოჯახებისა, რომლებიც ასადის რეჟიმს უჭერდნენ მხარს", _ აცხადებს წყარო.
წყარო ასევე აღნიშნავს, რომ "არმია ქუჩებს მხოლოს მას შემდეგ დატოვებს, რაც იქ მშვიდობა დაისადგურებს და მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული იქნება. კოფი ანანს კარგად ესმის შექმნილი სიტუაცია და მისი გეგმა სწორედ ამგვარ მიდგომას ითვალისწინებს".
როგორც მოსალოდნელია, დღეს სირიაში გაეროს ექსპერტები უნდა ჩავიდნენ.