პროექტის "თარგმნე ქართული ხალხური ზღაპრები ინგლისურად" მესამე ეტაპი დასრულდა. კონკურსის მონაწილეებმა ქართული ხალხური ზღაპრები: "ცეროდენა", "რწყილი და ჭიანჭველა" და "მზეთუნახავი ქალი" თარგმნეს. ჟიურიმ 300- მდე საკონკურსო ნაშრომი შეაფასა. მათგან შეირჩა მარიამ იმნაიშვილის, ბერდია კუტუბიძისა და ვატო ბილანიშვილის ნათარგმნი ზღაპრები. გამარჯვებულებს ამერიკულმა ცენტრმა ფულადი პრიზები გადასცა.
3-თვიანი პროექტის ფარგლებში სულ 9 ზღაპარი ითარგმნა: "კომბლე", "ასფურცელა"," ნაცარქექია", "წიქარა", "მუჭანახევარა", "ხუთკუნჭულა", "ცეროდენა", "რწყილი და ჭიანჭველა" და "მზეთუნახავი ქალი". წიგნს აპრილის ბოლოს გამომცემლობა "დიოგენე" გამოსცემს, რის შემდეგაც ის დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და "ამერიკის მეგობართა კლუბის" დახმარებით საჩუქრად ამერიკაში მცხოვრებ ქართული დიასპორების წარმომადგენლებს გაეგზავნებათ.
პროექტში ჩართულია "გამოყენებითი ხელოვნების სკოლა", რომლის მოსწავლეებიც ზღაპრების ილუსტრაციებზე მუშაობენ. ისინი ზღაპრების მიხედვით ინგლისურენოვან სპექტაკლებსაც დგამენ, რომელსაც გადაიღებენ და დისკის სახით დაურთავენ გამოცემულ წიგნს.
პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან ამერიკის მეგობართა კლუბი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გამომცემლობა "დიოგენე", საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლიტერატურული პორტალი "ლიბ.გე", გამოყენებითი ხელოვნების სკოლა და "საავტორო სტუდია".