სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ერკი ტუომიოია.
საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამართულ შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი სრულდება. მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. განხილულ იქნა საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურაში, რასაც ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა და მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს გაწევრიანების ამ გზაზე.
ფინური მხარე მიესალმა გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ეფექტურ განხორციელებას და სავიზო დიალოგის დაწყების პერსპექტივას მიმდინარე წლის ზაფხულამდე.
შეხვედრაზე ფინურ მხარეს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების, ეკონომიკური რეფორმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. საუბარი შეეხო საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე აქტუალურ თემებს. საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია.
ტუომიოიამ შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტში, სადაც იგი შეხვდა პარლამენტის ვიცე სპიკერს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს შეხვედრას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ეკა ტყეშელაშვილთან, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებთან.