მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების, მოსახლეობის და ექსპერტების თხოვნისა საქართველოს პრეზიდენტისადმი, ხელი არ მოეწერა კანონპროექტზე "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე", საქართველოს პრეზიდენტმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა და კანონპროექტს ხელი მოაწერა, რის შედეგადაც ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონში "გარემოს დაცვის შესახებ", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და საქართველოს კანონში "სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ". გუშინ, ამის თაობაზე ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის'' იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, რომელმაც მასმედიასთან საუბრისას შემდეგი განაცხდა:
,,საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა რომ მას სულაც არ ანაღვლებს საზოგადოების აზრი, მისი პოზიცია და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, ხალხის წინააღმდეგ იღებს. ვინაიდან აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის 3,4 და 5 პუნქტებს ჩვენ ხვალ საკონსტიტუციო სარჩელი შეგვაქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.''
შეგახსენებთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმების დადება განუსაზღვრელი ვადით, რომლის მიხედვითაც, შეთანხმებით განსაზღვრულ პერიოდში, დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ. შეთანხმების დადების დღიდან პირს არ დაეკისრება არანაირი სახის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, რაც დაკავშირებულია მის არამართლზომიერ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობასთან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში და ყველა მის მიერ ჩადენილი ქმედება ჩაითვლება კანონიერად. პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევების ჩადენის შემთხვევაში.