ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრის პეტრე მამრაძის განცხადებით, ქვეყანაში წვრილი კორუფციის მოსპობა არ ნიშნავს, რომ ელიტური კორუფციაც მოისპო. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, "პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მთავარობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ფაქტების გამოკვლევის და შესაბამისი რეაგირების მიზნით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის'' საკითხის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ხელისუფლება კორუფციას უნდაA გამიჯვნოდა და Qქვეყანაში ახალი ერა უნდა დაწყებულიყო.
"მაშინ მიხეილ სააკაშვილი სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა, რომლის სათავეში სოზარ სუბარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს კომისიაც არ შეიქმნა. კორუფცია არ არის მხოლოდ ის, რომ მაღალი რანგის მოხელეები მდიდრდებიან, არამედ კორუფციაა ადამიანების ნებისმიერი მოქმედება კანონსაწინააღმდეგოდ და მათი პირადი ინეტერესების დასაცავად. ის, რომ წვრილი კორუფცია აღარ არის ქვეყანაში, ეს არ ნიშნავს რომ ელიტური კორუფციაც მოისპო, რადგან ავტორიტარული რეჟიმები სწორედ პოლიტიკური და ეკონომიკური მონოპოლიების შექმნით გამოირჩევია", - აღნიშნა მამრაძემ.
მისივე თქმით, ელიტური კორუფციაა თუნდაც ის, როდესაც მედიის თუ ცალკეული პირების მიერ, ხელისუფლების წარმომადგენლების კანონდარღვევის ამსახველ მასალებზე, გამოძიება არც კი იწყება.
"არ არის კორუფცია, თუნდაც ის, რომ გირგვლიანის მკვლელებთან, საპატიმროში, შედიოდნენ მდიდრული ჯიპები?" - განაცხადა მამრაძემ.
მისივე თქმით, ელიტური კორუფციის შედეგია ისიც, რომ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანზიაციები ღიად აცხადებენ საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმციის არარსებობაზე.