საქართველოს პარლამენტმა ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორიული ძეგლების განზრახ დაზიანებაზე განცხადება მიიღო.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქვის, ბედიისა და სხვა ქართულ ტაძრებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების გამო, რომელთა შედეგად შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ზიანი ადგება.
„მსგავსმა „რესტავრაციამ" უკვე გამოიწვია ქართული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ძეგლის, ილორის წმ. გიორგის მონასტრის დაზიანება და მასზე ქართული კვალის წაშლა. უდავოა, რომ ამ ვანდალიზმის მიზანი, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის სრული განადგურებაა", -- ნათქვამია განცხადებაში. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ადასტურებს რა საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ შესაძლო რესტავრაციაში ქართული მხარის მიერ საკუთარი სპეციალისტების მონაწილეობის მზადყოფნას, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას:
„კატეგორიულად მოსთხოვოს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს და აფხაზეთის მარიონეტულ მმართველობას, შეწყდეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოები; მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას რათა ძეგლების მდგომარეობის შესასწავლად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაშვებულ იქნან იუნესკოს და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები", -- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღეს.