იურიდიული კომიტეტი ამომრჩევლის მოსყიდვისთვის პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინააღმდეგია. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის, განხილვისას, "ქრისტიან-დემოკრატი" გიორგი ახვლედიანის საპასუხოდ განაცხადა.
ახვლედიანის განცხადებით, დღეს საქართველოში არსებული მძიმე სოციალური პირობების ფონზე, მსგავსი მექანიზმები არ უნდა არსებობდეს.
კუბლაშვილის განმარტებით, ამომრჩეველის მოსყიდვა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისიგან თავისუფლდება და სანქციები ადმინისტრაციული საჯელით იფარგლება, თუმცა, მისი თქმით, მოსყიდვა - ზოგადად, დანაშაულია და პასუხისმგებლობისგან მის სრულად გათავისუფლება მიუღებელია.
"ამომრჩევლის მოსყიდვაც მძიმე დარღვევაა და ხმებით ვაჭრობაც. არავის უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ მისი ხმა სავაჭროდ გახადოს" - განაცხადა კუბლაშვილმა.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტით, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის არჩევნებში ხმის მიცემის ან ხმის მიცემისგან თავის შეკავების მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქარალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მოსმახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა 100 ლარამდე, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების დაჯარიმებას 500 ლარით.
პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ასევე, პირს სადღესასწაულო ღონისძიებების აღვნიშვნის ფარგლებში მცირე, წლის განმავლობაში არა უმეტეს 5 000 ლარის საერთო ღირებულების მქონე ნივთების საჩუქრად შეთავაზების, დაპირების ან გადაცემისთვის, აგრეთვე ამგვარი საჩუქრის მიღებისთვის.
კანონპროექტს პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ.