პარლამენტში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებული ცვლილებების განხილვა დაიწყო.
როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკითხის გამოტანისას განაცხადა, ცვლილებების მიუხედავად, კანონის არსი იგივე რჩება და ის მიმართული იქნება პარტიების ფინანასების გამჭვირვალობისკენ. მისი თქმით, ცვლილებები იმ დებულებებს ეხება, რომელთა ინტერპრეტაციაც იყო შესაძლებელი.
ცვლილებების თანახმად, კანონში პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირთა ცნება აღარ იარსებებს; პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვის გამო კონტროლის პალატას აღარ ექნება უფლება პირს შეზღუდვები დაუწესოს; დავიწროვდება და მკაფიოდ განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებზეც პოლიტიკური პარტიისათვის დაწესებული შეზღუდვები გავრცელდება; ამომრჩეველს პარტიისგან რაიმე სარგებლის მოთხოვნის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება; პირს სამეწარმეო საქმიანობა არ შეეზღუდება თუ ის უშუალოდ საარჩევნო მიზნებს არ უკავშირდება; შემცირდება სანქციებისა და ჯარიმების ოდენობა. ~პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ~ კანონის დარღვევისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაცია აღარ გაუქმდება და ა.შ.
ცვლილებებზე კონსულტაციები არასამთავრობო სექტორსა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს შორის, ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. კუბლაშვილის განცხადებით, არსებობს შეუთანხმებებლი საკითხებიც, თუმცა განხილვები მათთან კიდევ გაგრძელდება.
საკითხი დღეს პირველი მოსმენით გადის.