კოალიცია „ქართული ოცნება" აშშ-ს ელჩს საქართველოში ჯონ ბასს ღია წერილით უგზავნის და მიმართავს საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში NDI-მ და IRI-მ შეწყვიტონ სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა.
წერილში კოალიცია გამოხატავს მადლიერებას შშ-ს მთავრობის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის აღმოჩენილი ფასდაუდებელი დახმარების, მათ შორის USAID-ს ეგიდით განხორცილებული მრავალრიცხოვანი პროგრამების გამო. ასევე წერილში აღნიშნულია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის NDI-ისა და IRI-ის ადგილობრივი ოფისების საქმიანობის ნიშვნელობა.
კოალიცია უკმაყოფილოა NDI-ის მიერ განხორციელებულ ერთ პროექტზე - სოციოლოგიურ კვლევებზე და აშშ-ის ელჩს მიუთიუთებს, რომ "პროექტი არა თუ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, არამედ კონტრ-პროდუქტიული გახდა დემოკრატიზაციის, კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და მოქალაქეების მიერ ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისათვის".
"ერთი მხრივ, აღნიშნული კვლევების ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ და ფორმატმა და, მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მიერ ნაციონალური ტელევიზიების გამოყენებით ამ შედეგებით მანიპულირებამ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლევებისადმი ნდობა დააკარგვინა", - ნათქვამია ღია წერილში და აღნიშნულია, რომ კველევების შედეგების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების და ლიდერების რეიტინგებს ეხება და რომელიც ყველაზე მეტ საზოგადოებრივ ინტერესს და აჟიოტაჟს იწვევს, არ ქვეყნდება კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციების მიერ. ყოველ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ეძლევა მხოლოდ საკუთარი შედეგები ან მხოლოდ პრეზენტაციის დროს ეძლევათ მათი გაცნობის საშუალება.
"ტელევიზიებით გავრცელებული მონაცემების შესაბამისობის დადგენა კვლევის ნამდვილ შედეგებთან შეუძლებელია, ვინაიდან ყოველ პარტიას, უკეთეს შემთხვევაში, აქვს მხოლოდ მისი საკუთარი მონაცემი, ხოლო კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ მედიით გავრცელებული მონაცემების სისწორეს", - ნათქვამია წერილში და აღნიშნულია, რომ აღნიშნული პრობლემების შედეგად:
"
• ოპოზიციური პარტიები და ლიდერები წელიწადში ოთხჯერ ხდებიან ხელისუფლების მასირებული პროპაგანდისტული შეტევის მსხვერპლი, რომელსაც, ნებით თუ უნებლიედ, ზურგს უმაგრებს NDI-ის და IRI-ის ბრენდები.
• კვლევების ერთი სეგმენტის (პოლიტიკური რეიტინგების) თაობაზე ატეხილი აჟიოტაჟის და ამ შედეგებით მანიპულირების გამო მცირდება ყურადღება და იკარგება საზოგადოების ნდობა კვლევების შედეგების ძირითადი ნაწილის თაობაზეც.
• ოპოზიციური პარტიები რჩებიან მხოლოდ საკუთარი მონაცემების ანაბარა, რომელიც საერთო სურათის გარეშე რაიმე საფუძვლიანი ანალიზისა და დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. სახელისუფლებო პარტიას კი, ჩვენთვის უცნობი არალეგალური გზებით და საშუალებებით, ყოველთვის აქვს სრული მონაცემები, რასაც იყენებს სრულფასოვანი ანალიზისთვისაც და მანიპულირებისთვისაც.
• კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციები ექცევიან პოლიტიკური სპეკულაციების ეპიცენტრში ანუ შედეგად მაინც იღებენ იმას, რისი თავიდან აცილებისთვისაც იქნა შემუშავებული პოლიტიკური რეიტინგების არ განსაჯაროების პოლიტიკა. მეტიც, საზოგადოების თვალში ისინი იძენენე არა მხოლოდ "ადგილობრივ პოლიტიკაში ჩარეული" მოთამაშეების იმიჯს, არამედ "ადგილობრივ პოლიტიკაში ხელისუფლების მხარეზე ჩარეული" მოთამაშეების იმიჯს.
• კვლევების მეთოდოლოგიის, ველის მონაცემების და ყველა შედეგის განუსაჯაროებლობა ეჭვის ქვეშ უსამართლოდ აყენებს კვლევის მომზადებაში, გამოკითხვის ჩატარებაში, შედეგების შეჯამებაში და შედეგების გამოქვეყნებაში ჩართული მრავალი პირის და ორგანიზაციის პროფესიონალიზმს და ობიექტურობას".
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას როგორც NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლების, ისე კვლევების საკითხში მათი ზოგადი პოლიტიკისადმი, მაგრამ ვთვლით, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული მეთოდით კვლევების ჩატარება შეუწყობს არა მოქალაქეთა თავისუფალი ნების ფორმირებასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, არამედ ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის გაძლიერებას და სხვადასხვა სახის მანიპულაციებისთვის აღნიშნული ორგანიზაციების ბრენდების კიდევ უფრო მეტად გამოყენებას. შესაბამისად, მოგმართავთ წინადადებით, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში NDI-მ და IRI-მ შეწყვიტონ სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, მოგაწოდოთ დამატებითი არგუმენტები და ფაქტები, გიპასუხოთ კითხვებზე და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ამ საკითხის განხილვაში", - ნათქვამია წერილში.