არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები კანადის ტერიტორიულ წყლებში ჩაძირული იახტის ეკიპაჟის დაკარგული წევრები, ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას კანადაში საქართველოს საელჩო ცდილობს.
უწყებამ კანადის შესაბამის სამსახურებს მიმართვა უკვე გაუგზავნა და მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია ოფიციალურად მოითხოვა.
იახტაზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა, საქართველოს, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ეკიპაჟის 3 წევრი დაკარგულად ითვლება. 6 ადამიანი სამაშველო სამსახურმა ოკეანიდან ამოიყვანა, მაგრამ მათგან ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უკვე დადასტურებულია, რომ გარდაცვლილი ქართველია, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება. გადარჩენილი 5 ადამიანი კი მკურნალობას კლინიკაში გადის, ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია.
გადარჩენილების ნაწილი კანადის ხელისუფლებისგან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. არალეგალური მიგრაცია თუ ტრეფიკინგი-კანადელი სამართალდამცველები ორ ვერსიაზე მუშაობენ.