გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბურჯალიანი არ წყვეტს, აღსრულებულია თუ არა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება.
"საბედნიეროდ ქალბატონი ბურჯალიანი არ წყვეტს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია თუ არა", _ განაცხადა ჯანდიერმა, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, გირგვლიანის საქმეს ნათელი მოჰფინოს.
"ევროპულმა სასამრთლომ თქვა, რომ ამ საქმეზე გამოძება არ ჩატარებულა. ამდენად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, ჩაატაროს გამოძება და ნათელი მოეფინოს მკვლელობის საქმეს. მინისტრთა კომიტეტის წინაშე მთავრობამ 14 იანვარს წარადგინა წინასწარი სამოქმედო გეგმა და მინისტთა კომიტეტი ელოდება მთლიან გეგმას. მათ მოითხოვეს კონფიდენციალობის დაცვა",- აღნიშნა ჯანდიერმა
მისი თქმით, სანამ მინისტრთა კომიტეტი არ მიიღებს სპეციალურ რეზოლუციას, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულად არ ჩაითვლება.
"სანამ მინისტრთა კომიტეტი არ დაამტკიცებს აღსრულების გეგმას და არ მიიღებს რეზოლუციას, მანამდე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული. ასე რომ, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, რაგინდ არ უნდოდეს ეს ქალბატონ ბურჯალიანს", _ განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე აღნიშნული განცხადებებით, ჩირქს სცხებს ევროსასამართლოს.
"დამატებით უნდა ითქვას, რომ გაკეთებული განცხადებით, ბურჯალიანი ჩირქს სცხებს ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც არის ევროსასამართლო: თითქოს ამ უკანასკნელის გადაწყვეტილება მხოლოდ თანხობრივ კომპენსაციას გულისხმობს",_ განაცხადა გირგვლიანების ოჯახის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა.
შეგახსენებთ: თინათან ბურჯალიანმა დღეს პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე განაცხადა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, უკვე აღსრულებულია.