შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ეკატერინე ზღულაძის განცხადებით, ჟურნალისტ სოფო ნოკოლაიშვილის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბარი პარლამენტის ტრიბუნიდან მიუღებელია.
როგორც მან პარლამენტში დღეს გამაღტულ სამთავრობო საათზე განაცხადა, ამ საქმეში არის დელიკატური, პირადი ისტორიის დეტალები და თუ რომელიმე დეპუტატს დამატებითი შეკითხვები აქვს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნიკოლაიშვილის ადვოკატსაც და დაზარალებულ მხარესაც.
ზღულაძის ინფორმაციით, სოფო ნიკოლაშვილმა მამის კუთვნილი იარაღიდან ესროლა მეგობარს, რომელიც პოლიციელია. თუმცა მეგობრის პოლიციელობა, მისი თქმით, დამამძიმებელ გარემოებად არ ჩაითვლება, ისევე როგორც ნიკოლაიშვილის პროფესია - ჟურნალისტობა არ იქნება გათვალისწინებული.
"მთავარი ის არის, რომ ამჟამად ადვოკატი და პროკურატურა მუშაობენ, შეძლებისდაგვარად ნაკლებად მძიმე აღმკვეთ ღონისძიებაზე იმის გათვალისწინებით, რომ თავდამსხმელი ქალია", - დასძინა ზღულაძემ.
ნიკოლაიშვილთან დაკავშირებით ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" შს სამინისტროსგან გადაგზავნილ შეკითხვეში ითხოვდა განმარტებებს კახეთში მის უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით. "აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე პოლიციელ გ. სიბაშვილის წინააღმდეგ, სოფო ნიკოლაიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადებების საფუძველზე?" - იკითხა ფრაქციამ, რომელმაც პარლამენტში შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიუსვლელობა გააპროტესტა და სამთავრობო საათს აღარ დასწრებია.