შს მინისტრის პირველი მოადგილის, ეკა ზღულაძის განცხადებით, სოლომონ ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით, უწყება თავის მორალურ პასუხისმგებლობას აცნობიერებს.
როგორც მან დღეს პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე განაცხადა, შსს აღნიშნული საქმის გამოძიებით დაინტერესებულია.
ზღულაძის განმარტებით, ხაშურის პოლიციის უფროსი თანანმდებობიდან გადაყენებულია და კადრების განკარგულებაშია აყვანილი. მისი თქმით, მინისტრის დავალებით, უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა და შენობაში ნებისმიერი პირის დამატებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა გაიზარდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, სამინისტრო აცნობიერებს თავის მორალურ პასუხისმგებლობას", - დასძინა მინისტრის მოადგილემ.
ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მიერ გადაგზავნილ შეკითხვაში აღნიშნული იყო, თუ, რატომ არ მიეცა ოჯახს საშუალება დამოუკიდებელი ექსპერტი მოეწვია და დამოუკიდებელი ექპერტიზა ჩაეტარებინა? აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც მოქალაქეებს ქიმერიძის ოჯახისთვის სამძიმრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევდნენ და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს (ტელეკომპანია "მაესტროსა" და ტელეკომპანია "თრიალეთის") ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში და ემუქრებოდნენ მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით?
კითხვაზე პასუხის გაცემამდე ავტორებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.