7 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალი ვალერი მელაძე სოლოკონცერტს გამართავს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ხელოვანთა კავშირის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, მომღერალი ქართველ მომღერლებთან ერთად წარდგება.
"სიურპრიზად ვტოვებთ, თუ რომელი მომღერალი მიიღებს კონცერტში მონაწილეობას. ვალერი მელაძე შეასრულებს ქართულ სიმღერებს, მათ შორის, "თბილისოსა" და "წინწყაროს", - განაცხადა მან.
როგორც ოქიტაშვილმა განაცხადა, თბილისში მომღერალი 7 აპრილს დილით ჩამოფრინდება 25-კაციან ჯგუფთან ერთად. კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადაეცემათ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ხელოვანთა კავშირი და საქველმოქმედო ფონდი "მომავალი შენია".