31 მარტს, 20:30-21:30 საათზე, მსოფლიოში "დედამიწის საათი 2012" აღინიშნება. 2011 წელს დედამიწის საათს მსოფლიოს 135 სახელმწიფო და ასობით მილიონი ადამიანი შეუერთდა.
აქციის ფარგლებში სინათლე ჩაქრა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ შენობებსა და ღირშესანიშნავ ადგილებში - ეიფელის კოშკი, ეგვიპტის პირამიდები, ბუკინჰემის სასახლე, ქრისტეს ქანდაკება რიო დე ჟანეიროში, ჩანჩქერები ნიაგარა დავიქტორია, სიდნეის ოპერა, ემფაირ სთეით ბილდინგი.
31 მარტს, 20:30-21:30 საათზე, ერთი საათით ჩაბნელდება საკვანძო შენობები და საჯარო ადგილები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ელექტროენერგიის 60 წუთით გამორთვით აქციის მონაწილეები დედამიწის მიმართ თანადგომას გამოხატავენ და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო აქციას - დედამიწის საათს შუერთდებიან.
საქართველოში დედამიწის საათი მეოთხედ აღინიშნება. წლევანდელი კამპანია განსაკუთრებით მასშტაბურია და უამრავ მონაწილესა და მხარდამჭერს აერთიანებს.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი აქციების ორგანიზატორები არიან გარემოს დაცვის სამინისტრო, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ველური ბუნების ფონდი საქართველოში (WWF), თბილისის მერია, შერატონი, ჯეოსელი, GMC Group, ქუთაისის უნივერსიტეტი და ბევრი სხვა ორგანიზაცია და ადამიანი, რომელთაც სურვილი გამოთქვეს სინათლის ჩაქრობის მსოფლიო ინიციატივაში მიეღოთ მონაწილეობა.
თბილისში, 20:30 საათზე, ელექტროენერგია გაითიშება სატელევიზიო ანძაზე, ნარიყალაზე, რუსთაველის გამზირზე, გაეროს სახლსა და მიმდებარე მრგვალ ბაღში, შერატონ მეტეხი პალასში, რესტორან "ქალაქურში" და ქალაქის სხვა ადგილებში.
გაეროს სახლთან მრგვალ ბაღში სანთლების შუქზე თეატრალური წარმოდგენა გაიმართება.