საქართველოს პარლამენტის წევრად მოქალაქის არჩევა 21 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი პარლამენტში დღეს იქნა ინიცირებული.
ხვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან. დღეს მოქმედი ნორმით კი, მინიმალური ასაკი 25 წელია. კანონპროექტს ხელს პარლამენტის წევრები აწერენ.
როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი განმარტავს, აღნიშნული ცვლილება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში.
,,ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ შესაზლებლობა, არჩეული იყვნენ საქართველოს პარლამენტში და წარმოადგინონ შესაბამისი რაიონი და რეგიონი. ეს ხელს შეუწყობს პარლამენტის კიდევ უფრო მეტ წარმომადგენლობითობას და პარლამენტის უფლებამოსილებები გარკვეულწილად გაიზრდება,, - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ პარლამენტის წევრის ასაკის ზედა ზღვარი საქართველოს კანონმდებლობაში დაწესებული არ იქნება.