სანდრა რულოვსი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. პირველი ლედის პოლონეთში ვიზიტის პროგრამა რამდენიმე ქალაქს მოიცავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პირველი ლედის ავტობიოგრაფიული წიგნის ”იდეალისტის ნაამბობის" პოლონური თარგმანის პრეზენტაცია ქალაქებში _ ლუბლინი, გდანსკი და ლოძი.
30 მარტს სანდრა რულოვსი პოლონეთის პირველ ლედის ანა კომოროვსკას შეხვდება. ისინი ერთად ვარშავის წმინდა სოფიის სახელობის სამშობიარო სახლსაც მოინახულებენ, რის შემდეგაც სანდრა რულოვსი პოლონეთის პირველი ლედის სახელით გამართულ სადილს დაესწრება.
ამავე პერიოდში ვარშავაში ბეთჰოვენის სახელობის ფესტივალი ტარდება, რომელიც ქალბატონ ელჟბიეტა პენდერეცკას მიერ არის ორგანიზებული და სანდრა რულოვსი ფესტივალის ფარგლებში გამართულ რამდენიმე კონცერტსაც დაესწრება.
საქართველოს პირველი ლედი ლუბლინის უნივერსიტეტში ჰოლანდიური ენის შემსწავლელ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს, ხოლო გდანსკში ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს მოინახულებს, რომელიც პოლონეთის ყოფილი პირველი ლედის იოლანტა კვაშნევსკას მიერ არის დაარსებული. აღსანიშნავია, რომ ქალბატონი სანდრა გდანსკს ლეხ და მარია კაჩინსკების ქალიშვილის მარტა კაჩინსკას მიწვევით ესტუმრება, რომელიც ასევე პირველი ლედის წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლებს. პირველი ლედი საქართველოში 3 აპრილს დაბრუნდება.