დევნილების განსახლების პროცესი მტკივნეული იყო, მაგრამ მათ უკვე გაიაზრეს, რომ ყველაფერი კარგი შედეგისთვის კეთდებოდა. ამის შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დევნილების განსახლების პროცესში სულ 115 ობიექტი დაიცალა, რადგან მათი რეაბილიტაცია შეუძლებელი იყო. იქ მცხოვრები დევნილების სხვაგან გადაყვანა კი მისი თქმით, მტკივნეული პროცესი იყო, ,,თუმცა ეს საქმე ვიღაცას უნდა გაეკეთებინა,, ისევ მათთვის კარგი შედეგის მისაღწევად.
მინისტრის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს მასშტაბით 732 შენობა დაუკანონდათ. ამ შენობებიდან თბილისში 247, ხოლო რეგიონებში 485 მდებარეობს. სუბელიანის ინფორმაციით, ბინით 28 861, ხოლო 10 000-10 000 დოლარით 5 517 ოჯახი დაკმაყოფილდა.
მინისტრის განცხადებით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების შედეგად, სულ 500 000 პირი გახდა იძულებით გადაადგილებული, მათგან 264 600 საქართველოს ტერიტორიაზე, დანარჩენი კი ლეგალურად თუ არალეგალურად საზღვარგარეთ ცხოვრობს.
კობა სუბელიანმა დეპუტატებს დღეს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგემის განსახირციელებლად 2011 წელს გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე წლის პრიორიტეტები გააცნო.