იაპონიაში სამი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. სამივე მათგანი ჩამოახრჩვეს. 2010 წლის შემდეგ ეს სიკვდილის დასჯის პირველი შემთხვევაა.
ქვეყნის იუსტიციის მინისტრის, ტოშიო ოგავას განცხადებით, "სიკვდილით დასჯა მხარდაჭერილია იაპონელი ხალხის მიერ და ამის გარდა, მას მხარი დაუჭირეს მსაჯულებმა".
ბოლოს სიკვდილით დასჯა იაპონიაში 2010 წლის ივლისში გამოიყენეს. როგორც "ბი-ბი-სი" აღნიშნავს, 2011 წელი ერთადერთი იყო 19 წლის განმავლობაში, როდესაც სიკვდილით არავინ დაუსჯიათ.
იაპონიაში სიკვდილით დასჯას იყენებენ იმ დამნაშავეების მიმართ, რომლებმაც ერთზე მეტი ადამიანი მოკლეს. ამჟამად ქვეყანაში სიკვდილმისჯილთა საკნებში 132 ადამიანი იმყოფება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.