მნიშვნელოვანია ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტზე იმ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რომელთაც ალიანსში გაწევრიანება სურთ, ძლიერი, პოზიტიური გზავნილი გაეგზავნოთ, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას პაეტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ჩიკაგოს სამიტზე უნდა მოხდეს ალიანსის მეხუთე მუხლის მნიშვნელობის ხაზგასმა, რაც ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების მიღებას. ამ მუხლის თანახმად თავდასხმა ნატო-ს წევრ ერთ რომელიმე სახელმწიფოზე ითვლება თავდასხმად მთლიანად ალიანსზე.
"უნდა გაკეთდეს ძლიერი, პოზიტიური გზავნილი იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ნატოში გაწევრიანება სურთ. ქვეყნებისთვის, როგორიცაა - საქართველო, მაკედონია, მონტენეგრო და ბოსნია და ჰერცეგოვინა",- განაცხადა ურმას პაეტმა.
ჰილარი კლინტონმა მხარდაჭერა გამოხატა ესტონეთის ძალისხმევის მიმართ.
„ესტონეთი დახმარების და განვითარების ძლიერ პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, კერძოდ კი საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში", - განაცხადა კლინტონმა.