დღეს, 29 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ტაძარი მახათას მთაზე უნდა აშენდეს.
პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლევან კოღუაშვილის მიერ მომზადებული ვიდეოკლიპი, რომელიც 2011 წლის 12 მაისს ტაძრის საძირკვლის კურთხევას ასახავს და ისტორიული მშენებლობის მნიშვნელობის შესახებ გვიამბობს.
პრეზენტაციას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II დაესწრება.
პატრიარქის მიერ შექმნილ საგალობელს და უფლის სადიდებელ ნაწარმოებებს მსოფლიო კლასიკიდან, შეასრულებენ ანსამბლი "მძლევარი", მარიამ როინიშვილი, ლიზა ბაგრატიონი და მიშო ჯავახიშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ფონდ "ივერიის" დამფუძნებელი, მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მშენებლობას უდგას სათავეში.
ასევე გაიმართება ფონდის ვებგვერდის პრეზენტაცია, რომლის დახმარებითაც აქციაში ჩართვა როგორც საქართველოს მოქალაქეებს , ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შეეძლებათ.
ისტორიული მშენებლობა 17 აპრილს იწყება. პირველი ნიჩბით პირველად მიწას პატრიარქი ამოიღებს, შემდეგ კი საქართველოს 38 ეპარქიიდან ჩამოსული მრევლი, ამის შემდეგ ყველა მსურველს მიეცემა ერთადერთი შანსი, მონაწილეობა მიიღოს ტაძრის საძირკვლის გაჭრაში.