"სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" თავმჯდომარის, კახა სეთურიძის განცხადებით, უპრეცენდენტოა იმ სამართალდარღვევების ფაქტები, რომლებსაც ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მომხრეებთან მიმართებაში.
"ჩვენმა პარტიამ ყაზბეგის რაიონში ჩაატარა კარდაკარის პრინციპით ამომრჩეველთა აღწერა და მინდა პირველადი მონაცემები გაგაცნოთ. ოფიციალურად 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში საარჩევნო სიებში 6020 ამომრჩეველი ფიქსირდებოდა, აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 3230-მა ამომრჩეველმა ანუ 50% ზე მეტმა. ჩვენს სიაში მოხვდნენ ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან და ცხოვრობენ ყაზბეგის რაიონში და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც გასული არიან რაიონიდან და იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ჯამში მივიღეთ 4100 ამომრჩეველი, დანარჩენი 1900 ამომრჩევლიდან ნაწილი გასულია ქვეყნის გარეთ და არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ნაწილს კი არავითარი კავშირი არ აქვს ყაზბეგის რაიონთან და გაურკვეველია მათი ვინაობა. ანუ საარჩევნო სიებში არის თითქმის 2000 ამომრჩეველი, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ ან საერთოდ არ უნდა იყვნენ სიაში და შესაძლებელია მათი გამოყენება ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატის სასარგებლოდ. მე მოვიყვანე ამომრჩეველთა რაოდენობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი რაიონის მაგალითი და წარმოიდგინეთ რა ხდება საქართველოს სხვა კუთხეებში და დიდ ქალაქებში", - აცხადებს იგი.
სეთურიძის განცხადებით, გამოსავალი ამ მდგოამრეობიდან არის ის, რომ ჩატარადეს წინასაარჩევნო რეგისტრაცია ბიომეტრიული კომპონენტებით, რადგამ ეს რამდენიმეთვიანი პროცესი არ მოითხოვს დიდ ხარჯებს და გამორიცხავს ამ ტიპის გაყალბებას, ამ წესით არჩევნები ტარდება მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის საარჩევნო სიების ჩამოყალიბების ყველაზე მოკლე და ეფექტური გზა.