ახმეტის რაიონის სოფელ მატანში მე-6 საუკუნეში აშენებული წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის კედლები დაბზარულია და შესაძლოა, ჩამოინგრეს, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის ძეგლთა დაცვის მთავარმა სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა.
„წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში გამოყენებულია რიყის ქვა და კარგად დამუშავებული შირიმი, ასევე ეკლესიის მოსაპირკეთებლად - შირიმის ნატიფად შესრულებული ჩუქურთმებიანი ფილები. აღმოსავლეთ ფასადს ამშვენებს მრგლოვანით შესრულებული წარწერა „წმ. მარინეო, მეოხ ეყავ კახთა მეფესა", - აღნიშნავს ჭიჭიაშვილი.
მისივე თქმით, საფრთხეშია ტაძრის ახლოს მდებარე სამსართულიანი კოშკიც, რომელსაც შესასვლელი მიწიდან 3-4 მეტრის სიმაღლეზე აქვს დატანებული. კოშკი აგებულია რიყის ქვით, არ აქვს სახურავი, რაც ჩამოშლის საფრთხეს უქმნის.